თბილისი (GBC) – უკრაინაში რუსეთის ომმა ევროპის ენერგოუსაფრთხოება დააზარალა, რამაც ბებერი კონტინენტი აიძულა, ბუნებრივი გაზის ალტერნატიული მიმწოდებლები მოძებნოს. ერთ–ერთი ასეთი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანელი მკვლევარი გუბად იბადოღლუ, რომელიც ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების მოწვეული მთავარი სპეციალისტია, გამოცემისთვის The Loop ქვეყნის გაზის სატრანსპორტო და საწარმოო სიმძლავრეებს და მის პოტენციალს იკვლევს. 

ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ბაქო იღებს ვალდებულებას, გააორმაგოს ევროპისთვის მიწოდებული გაზის მიწოდება 2027 წლამდე პერიოდში. დღეისათვის ევროკავშირის ქვეყნები წელიწადში 8,2 მლრდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს იღებენ. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა. მაგრამ აქვს თუ არა ქვეყანას ამ მოცულობის საწვავის ტრანსპორტირების რესურსი და რა უპირატესობებს უქმნის ეს აზერბაიჯანს?

თავისი გაზის ევროპაში გაყიდვა ძალიან მომგებიანია აზერბაიჯანისთვის და ამით საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასაც ახდენს. ევროპისთვის კი აზერბაიჯანული გაზის მიღება რუსულ საწვავზე დამოკიდებულებას ამცირებს. ამ ყველაფრით აზერბაიჯანზე რუსეთის გავლენებიც სუსტდება.

გაზის სატრანსპორტო სიმძლავრეები

არსებული ინფრასტრუქტურით ევროპისთვის მეტი გაზის მიწოდება შეუძლებელია. უკვე მოქმედი მილსადენები აუცილებლად უნდა გაფართოვდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, როდის და როგორ შეიქმნა მარშრუტები, რომლითაც ევროპა აზერბაიჯანულ გაზს იღებს. პირველი ეს არის სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, იგივე ბაქო–თბილისი–ერზურუმის მილსადენი (BTE), შემდეგ მოდის ტრანსანატოლიის (TANAP) გაზსადენი და ტრანსადრიატიკული (TAP) მილსადენი. 

აზერბაიჯანული გაზი ჯერ თურქეთში ჩადის BTE–ს გავლით, რომელიც ექსპულატაციაში 2007 წელს შევიდა და ამ მილსადენით გაზი საქართველოს გავლით თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილამდე აღწევს. 2018 წლიდან თურქეთში ამუშავდა TANAP, რომელიც ზემოხსენებული გაზსადენის გაგრძელებაა. ამრიგად გაზის ექსპორტი დღეს ევროპამდე აღწევს, რაშიც TAP–იც თავის როლს ასრულებს. სწორედ ამ მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 2020–ის დეკემბრიდან იღებს ევროპა აზერბაიჯანულ გაზს.

მილსადენის არსებული გამტარუნარიანობა ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ვერ შეძლებს ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობის გაზრდას, თუ სამივე მილსადენის სიმძლავრეები არ გაიზრდება.

BTE–ს სიმძლავრე დღეს წელიწადში 20 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს, TANAP–ის – 16,2 მლრდ–ს, ხოლო TAP–ის – 10 მლრდ–ს. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების გასაზრდელად გარდაუვალია სამივე მილსადენის სიმძლავრეების გაზრდა.

საჭიროების შემთხვევაში, BTE–ს სიმძლავრის 31 მლრდ–მდე გაზრდაა შესაძლებელი, TANAP–ის – 30,7 მლრდ კუბურ მეტრამდე, მაგრამ მისი სატუმბი სადგურები გამტარუნარიანობას არსებულ მოცულობამდე ზღუდავს. 30,7 მლრდ–ის გასატარებლად აუცილებელია დამატებით 4 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობა. რაც შეეხება TAP-ს, დამატებითი სატუმბი სადგურებით მომავალში მისი სიმძლავრის 20 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდაა შესაძლებელი.

არსებული ვითარებიდან ნათლად ჩანს, რომ აზერბაიჯანისთვის დამატებით ტუმბოებში ინვესტირება ხელსაყრელი იქნება, თუმცა ამ მიზნის მიღწევაში მას ხელი შეიძლება გაზის მარაგების უკმარისობამ შეუშალოს.

გაზის მოპოვების გაზრდა

იმ მოცულობის გაზი, რასაც დღეს აზერბაიჯანი მოიპოვებს (18 მლრდ კუბური მეტრი წელიწადში), არ არის საკმარისი ევროპაში ამ ნედლეულის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გასულ წელს აზერბაიჯანმა დაახლოებით 19 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაიტანა ექსპორტზე: 8,2 მლრდ კბ/მ ევროპაში. მიმდინარე წელს მისი ექსპორტი 22 მლრდ კბ/მ–ს მიაღწევს, საიდანაც 11,5 მლრდ–ს ევროპელი მომხმარებლები მიიღებენ. მაგრამ აზერბაიჯანს გაზის შიდა მოხმარებაც ეზრდება. სახელმწიფო ენერგოკომპანიის SOCAR მონაცემებით, მეორე კვარტალში გაზის მოხმარება აზერბაიჯანში 3%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 2,2 მლრდ კბ/მ შეადგინა.

აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის მიერ ახალი საბადოების დამუშავება და ათვისება. ამ მხრივ რამდენიმე პერსპექტიული საბადო არსებობს: შაფაგ–ასიმანის, უმიდ–ბაბეკის, აბშერონისა და აზერი–ჩირაგ–გიუნეშლის ღრმაწყლოვანი ფორმაციები.

თუმცა, აბშერონის საბადოს დაზვერვამ აჩვენა, რომ აქ გაზის მარაგები ნავარაუდევზე ნაკლებია. შაფაგ–ასიმანზე გეოლოგიურმა სადაზვერვო სამუშაოებმა ჯერ დამაიმედებელი ვერაფერი დადეს და ამიტომ საუბარი ჯერ ნაადრევია. გეოლოგებმა და ტექნოლოგებმა დაზვერვა უნდა აწარმოონ და მოპოვება გაზარდონ უმიდ–ბაბეკზე, თუმცა აქ ისინი ტექნიკურ პრობლემებს აწყდებიან.

აზერბაიჯანი გაზს სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს

ამ პირობებში, აზერბაიჯანი შიდა მოხმარებისთვის გაზს რუსეთისა და თურქმენეთისგან ყიდულობს. 1983 წელს რუსეთ–აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გაზსადენი მოზდოკი–გაზიმამედი გაიხსნა, რომლის საპროექტო სიმძლავრე 10 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს. თუმცა, იმის გამო, რომ მილსადენი საბჭოთა წარმოებისაა და დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ იყო, მისი საპროექტო სიმძლავრის სრულად ათვისება მოკლე ვადებში შეუძლებელია. უკეთეს შემთხვევაში ამ მილსადენით 5 მლრდ კბ/მ გაზის გატარებაა შესაძლებელი.

ეს ვარიანტი, მაინც, არასასურველია, ვინაიდან თუ აზერბაიჯანი რუსულ გაზს შეიძენს, მოსკოვი ევროკავშირის სანქციებს აუვლის გვერდს.

უფრო ეფექტური იქნება თურქმენული გაზის მიწოდება აზერბაიჯანში ირანის გავლით. თურქმენეთს ირანთან ორი გაზსადენი აკავშირებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 16 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს. თუმცა, ამ ორი მილსადენიდან ერთს 5 წელია არ უმუშავია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

არსებობს ასევე ირანისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გაზსადენი, რომელიც 1965 წელს აშენდა. ეს მილი ექსპლუატაციაშია 2005 წლიდან, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა წელიწადში მხოლოდ 1 მლრდ კბ/ს–ს აღწევს. მისი მოდერნიზაციით სიმძლავრის გაზრდა მხოლოდ 50%–ით არის შესაძლებელი, რაც არ იქნება საკმარისი აზერბაიჯანის შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად.

2027 წლის მიზნების მიღწევა

ამდენად, ევროპაში მიწოდების გასაზრდელად აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი სახსრები უნდა ჩადოს საკუთარი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. დღეს ქვეყანა შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად უცხოური ნედლეულის შეძენას ვერ ახერხებს, შეზღუდული ინფრასტრუქტურის გამო. არსებული მილსადენებით ბაქოს წელიწადში 6 მლრდ კბ/მ გაზის იმპორტი შეუძლია: 5 მლრდ რუსეთიდან და 1 მლრდ ირანიდან. თუმცა მოქმედი სანქციები რუსული გაზის შეძენას უზღუდავს.

ტრანსკასპიური პირდაპირი მილსადენით უშუალოდ თურქმენეთიდან გაზის მიღება ჯერ შეუძლებელია, ვინაიდან ასეთი მილსადენის მშენებლობას დრო და კოლოსალური ინვესტიციები სჭირდება.

ამდენად, საკვანძო პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები, რის შემდეგაც ინვესტორები და ბანკები მილსადენების გაფართოებასა და ახალი საბადოების დამუშავებაში კაპიტალს დააბანდებენ. თუ ეს არ მოხდება, აზერბაიჯანი ვერ გახდება ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი 2027 წლისთვის.