თბილისი (GBC) - გალტ&თაგარტი 2025 წელს 3.9%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. 2024 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო დონემ 1.1% შეადგინა. 2025 წლის იანვარში კი წლიური ინფლაცია 2%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე, რაც 3%-ს შეადგენს დაბალია.

ინფლაციას [სამომხმარებლო ფასების ინდექსს] სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს.

სამომხმარებლო კალათა 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას, როგორიცაა საკვები, ტექნიკა, ტანსაცმელი და სხვა. თითოეულ პროდუქციას საკუთარი წონა აქვს მინიჭებული და ზოგიერთ მათგანზე ფასის ცვლილებას უფრო მეტი გავლენა აქვს ინფლაციაზე, ვიდრე სხვებს.