თბილისი (GBC) – საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობამ (GCRC) ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გამართა 17 აპრილს,  სასტუმრო ბილტმორ თბილისში, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ჩინეთის მანქანებისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან (CCCME).

მემორანდუმები მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას და ინვესტიციების ხელშეწყობას. აღნიშნული შეთანხმებები ქმნის მყარ საფუძველს ორივე ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორებს შორის კოორდინირებული  თანამშრომლობისთვის.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები, გამოხატეს ინტერესები და დააფიქსირეს თავიანთი საჭიროებები კონკრეტული პროექტების, პარტნიორობის ფორმების და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით.

ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად, რათა ხელი შეუწყოს წარმატებული თანამშრომლობის დაწყებასა და განვითარებას.

GCRC წარმოადგენს საკვანძო პლატფორმას ქართულ და ჩინურ ბიზნესებს შორის პარტნიორობების დასამყარებლად, ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად და ახალი ბაზრების ასათვისებლად. ორგანიზაციას წარმომადგენლობითი ოფისები გააჩნია შანხაიში, პეკინში და შანდონგის პროვინციაში, რაც წევრ ორგანიზაციებს უზრუნველყოფს სწრაფი კონსულტაციებით, სანდო პარტნიორების მოძიებითა და ეფექტური კომუნიკაციით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ასოციაციას უკვე ჩამოყალიბებული აქვს თანამშრომლობა პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან – “ბაზისბანკთან” და “ბბ ლიზინგთან”, რაც ხელს უწყობს ქართულ-ჩინური პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას და პრაქტიკულ რეალიზაციას.

GCRC-ის თავმჯდომარე ვახტანგ ჩახნაშვილი: „ამ ორი მემორანდუმის ხელმოწერა – როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ასევე ჩინეთის სავაჭრო პალატასთან – არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მიზნისკენ: გავაძლიეროთ რეგიონული ბიზნეს პარტნიორობა. ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობის მხარდაჭერის, ბიზნეს ქსელებისა და ფინანსური ინსტრუმენტების სინერგია ქმნის ოპტიმალურ გარემოს გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ორმხრივი წარმატებისთვის.“

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის სოფლის მეურნეობის, წარმოების, მშენებლობის, ვაჭრობის, სამრეწველო, ჯანდაცვის, ავტო, და სხვა სფეროებიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა ასოციაციის საქმიანობის და სტრატეგიული მიმართულებების გაცნობას, ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობის ხაზგასმას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.