თბილისი (GBC) - 2026 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკა განაგრძო. სებ-ის მონაცემებით, ივლისში Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად წმინდა შესყიდვებმა $488.2 მლნ შეადგინა.
შედეგად, ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ $7.5 მლრდ-ს გადააჭარბა.
ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია, რის გამოც სებ-ი მუდმივად კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, როდესაც ამის შესაძლებლობას სავალუტო ბაზრის კონიუნქტურა იძლევა.
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა $2,56 მლრდ შეადგინა.
2026 წლის 7 თვის მიხედვით, სებ-ის სავალუტო ინტერვენციების დინამიკა თვეების ჭრილში ასე გამოიყურება:
- იანვარი: $86.6 მლნ-ის წმინდა შესყიდვა
- თებერვალი: 429.3 მლნ-ის წმინდა შესყიდვა
- მარტი: $16.2 მლნ-ის წმინდა გაყიდვა
- აპრილი: $333.3 მლნ-ის წმინდა შესყიდვა
- მაისი: $632.9 მლნ-ის წმინდა შესყიდვა
- ივნისი: $612.6 მლნ-ის წმინდა შესყიდვა
- ივლისი: $488.2 მლნ-ის წმინდა შესყიდვა
სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
