თბილისი (GBC) – ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

კაბელი ბაქოდან ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მიმართულებით გაივლის და მიზნად ისახავს რეგიონში ციფრული კავშირების გაძლიერებასა და მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობების გაზრდას.

ყაზახეთის ციფრული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე დასრულდა საინჟინრო კვლევები, განისაზღვრა ოპტიმალური მარშრუტი, მიღებულ იქნა გარემოსდაცვითი ნებართვები და ჩინეთში დამზადდა სპეციალური წყალქვეშა ჯავშნიანი კაბელი ოპტიკური გამაძლიერებლების ინტეგრაციით.

ამჟამად პროექტი საზღვაო სამუშაოების ეტაპზე გადავიდა, რაც კაბელის ტრანსპორტირებასა და წყალქვეშა მონაკვეთზე განთავსებას მოიცავს.

ტრანსკასპიური კაბელი განიხილება უფრო ფართო რეგიონული ციფრული ინფრასტრუქტურის ნაწილად, რომელიც ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ევროპას დააკავშირებს. პროექტის შემდგომი გაგრძელება უკავშირდება შავი ზღვის ფსკერზე დაგეგმილ მრავალფუნქციურ კაბელს, რომელიც საქართველოდან ევროპისკენ უნდა გაიყვანონ.

საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლი ამ პროექტში დაკავშირებულია ცენტრალური აზიისა და ევროპის ციფრული კავშირების გაძლიერებასთან. დაგეგმილი შავი ზღვის კაბელი, რომელიც ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს, შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი რეგიონული კავშირის ახალი მარშრუტების განვითარებაში.