თბილისი (GBC) – მომხმარებელთა განწყობა გაუარესდა. ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი სექტემბერში არსებული -24,1-დან ოქტომბერში -28,3 პუნქტამდე დაეცა (შემცირდა 4,2 ერთეულით). შემცირდა მომხმარებელთა განწყობის ორივე ქვე-ინდექსი – მოლოდინების და მიმდინარე მდგომარეობის, პირველი 3.3, ხოლო მეორე – 5.1 ერთეული პუნქტით.

ყველაზე შესამჩნევი ვარდნა დაფიქსირდა მომხმარებელთა განწყობაში არსებული ვითარების გათვალისწინებით მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთების (მაგ.: სარეცხი მანქანების, კომპიუტერების, ღუმელების, მაცივრების და ა.შ.) შესყიდვებთან დაკავშირებით, (11-პუნქტიანი კლება). ეს მაჩვენებელი დადებით ტენდენციას ინარჩუნებდა ზაფხულის განმავლობაში, თუმცა ოქტომბერში ტენდენცია შეიცვალა. ასევე, 9 პუნქტით შემცირდა მომხმარებელთა მოლოდინი, რომ მსგავს შენაძენებს მომდევნო წლის განმავლობაში გააკეთებენ. შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს, რომ მომხმარებლებს ზაფხულთან შედარებით შეუმცირდათ მიმდინარე განკარგვადი შემოსავალი, როცა ვაჭრობისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყანაში მაღალი იყო. განკარგვადი შემოსავლების შემცირებას ხელს უწყობს ორნიშნა ინფლაციაც, რადგან სურსათისა და საცხოვრებლის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებლის თანახმად, ოქტომბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში ფასები 15.8%-ით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა ტიპის საწვავის შემთხვევაში კი 13.5%-ით გაიზარდა. დამატებით, მომხმარებელთა დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობის მაჩვენებელი 7 ერთეულით დაეცა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება ივლისიდან მოყოლებული და ოქტომბრისთვის პანდემიის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა. 

კითხვაზე, როგორ შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში, გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 3.9% ამბობს რომ სიტუაცია გაუმჯობესდა, 29% თვლის რომ იგივე დარჩა, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა თვლის რომ სიტუაცია გაუარესდა - მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა. 
კითხვაზე - ბოლო ერთ წელთან შედარებით, უფრო მეტს დახარჯავთ თუ უფრო ნაკლებს - რესპონდენტების 72% თვლის რომ ნაკლებს. 

ამასთან, გამოკითხულთა 60% თვლის რომ ახლა ვადიანი ანაბრის გაკეთებისთვის ხელსაყრელი დრო არ არის; 51% ნაკლებად ელის რომ მომდევნო 12 თვეში გახსნის ანაბარს, ხოლო 38.8% საერთოდ არ ელის რომ ამ პერიოდში თანხის დაზოგვის შესაძლებლობა ექნება.