თბილისი (GBC) - თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) D ბლოკთან პარტნიორობით, შეხვედრების სერია - GAIA Meetup დაიწყო. რეგულარული შეკრებების მიზანი, ცოდნის გაზიარება, ნეთვორქის გაძლიერება და აქტუალურ თემებზე საუბარია. GAIA-ს ყოველთვიურ შეხვედრებზე, ტექპროფესიონალები შეიკრიბებიან და საინტერესო ტექნოლოგიურ თემებზე იმსჯელებენ, ინდუსტრიაში არსებულ და მიმდინარე სიახლეებს განიხილავენ და ერთმანეთს თავის პროექტებს გაუზიარებენ. 

ამავდროულად, GAIA-ს ასოცირებული წევრებისთვის შეხვედრები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, როგორ ცვლის AI მათ ინდუსტრიებს, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უკეთესად თავის საქმეში და რა სიახლეებია AI-ის მიმართულებით.

„GAIA-ს მიზანი საქართველოში AI-ის და მონაცემთა მეცნიერების პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაა. ამის მიღწევის საუკეთესო გზა კი ცოდნისა და გამოცდილების მუდმივი გაზიარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება GAIA-ს Meetup-ები, რომელიც ყოველთვიურად ჩატარდება", - გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.

Meetup შეხვედრების მთავარი მხარდამჭერია თიბისი.

„GAIA-სთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაზიარებას და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას. ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავარია გჯეროდეს, იკვლიო, ისწავლო და შექმნა ახალი. გვჯერა, რომ Meetup-ების შეხვედრების სერია ხელს შეუწყობს ახალი თაობის განათლებას და საქართველოში ტექეკოსისტემის განვითარებას“, - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

პირველი შეხვედრა 16 ოქტომბერს ჩატარდა. თიბისის გუნდის პროფესიონალმა სპიკერებმა თეა ყიფშიძემ და არჩილ ქსოვრელმა აუდიტორიას AutoML-ის განვითარების და დანერგვის გამოცდილება და პრაქტიკები გაუზიარეს.

შეხვედრები თვეში ერთხელ, ფიზიკურად ჩატარდება, გაეცანით Meetup-ების კალენდარს, დარეგისტრირდით და დაესწარით თქვენთვის საინტერესო თემის განხილვას.