გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ - NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისში მცხოვრებლები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უფრო მეტად ამბობენ, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით ახლა ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.
კითხვაზე როგორ აფასებთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას 5 წლის წინანდელთან შედარებით, რესპონდენტების 39% ამბობს რომ მათი შემოსავალი ნაკლებია, 37% ამბობს რომ იგივე, ხოლო 22% ამბობს რომ მეტი.
გამოკითხული მოსახლეობის 77% ამბობს რომ მათ ფასების მატება ძალიან აწუხებთ, ხოლო 21% ამბობს რომ აწუხებს. მოსახლეობის მხოლოდ 1% ამბობს რომ ეს საკითხი არ აწუხებს.
საზოგადოების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, თუ ვისი ბრალია ფასების ზრდა. 38% თვლის რომ ეს მთავრობის პოლიტიკური ქმედებების შედეგია; 31% თვლის რომ ინფლაცია ისეთმა ფაქტორებმა გამოიწვია რომლებიც მთავრობის კონტროლს მიღმაა; 16% თვლის რომ ბრალეულობა ორივე მხარესაა. პასუხები განსხვავდება პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით: ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა მთავრობას ადანაშაულებს, ხოლო ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა - მთავრობის კონტროლს მიღმა არსებულ ფაქტორებს.
კითხვაზე რა უფრო კარგად აღწერს თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობას - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რესპონდენტთა 36% ამბობს რომ ფული ჰყოფნით ტანსაცმელსა და საკვებზე თუმცა არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ძვირადღირებული ნივთები; 35% ამბობს რომ ფული ჰყოფნით საკვებზე თუმცა არ ჰყოფნით ტანსაცმელზე; 18% ამბობს რომ ფული საკვებზეც არ ჰყოფნით. რესპონდენტთა 7% ამბობს რომ საშუალება აქვთ შეიძინონ ძვირადღირებული ნივთები; 2% კი ამბობს რომ ყველაფრის შეძენის საშუალება აქვთ. ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით განსხვავებები არ გამოიკვეთა.