თბილისი (GBC) – ყოველი მეორე რესპონდენტი ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია - NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც დეკემბრის მონაცემებს ეყრდნობა, გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ თანხა კომუნალურებზე დააკლდა, 2019 წლის ივლისთან შედარებით, ეს მონაცემი გაუმჯობესებულია, რადგან 2019 წელს პრობლემაზე გამოკითხულთა 48% საუბრობდა. 

მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს. ყოველი მესამე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით საჭმელსა და წამლებზე ნაკლებს ხარჯავს.

ყოველი მეორე ამბობს, რომ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. სოფლის მოსახლეობის, ასევე 55+ ასაკის მოქალაქეების უმრავლესობამ გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა.

ფინანსური სირთულეების გამო, მოსახლეობის უმრავლესობამ დასვენებისა და შოპინგის ხარჯები შეამცირა. უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა. ხოლო თბილისელები, ახალგაზრდები, უმაღლესი განათლების მქონე და დასაქმებული ადამიანები უფრო მეტად ამბობენ, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდებათ.