თბილისი (GBC) - „ეისითი კვლევის“ (ACTR) გამოკითხვა „ონლაინ ვაჭრობის კულტურა საქართველოში“ მოიცავს ინფორმაციას ქართველი მომხმარებლების ქცევისა და დამოკიდებულებების შესახებ ონლაინ ვაჭრობის მიმართ: ვინ ვაჭრობს ონლაინ? რას ყიდულობენ მომხმარებლები ციფრულ სივრცეში? რა სიხშირით? რა ბარიერები არსებობს ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით? კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უცხოური სავაჭრო პლატფორმების ქართველი მომხმარებლების 75% Temu-ს ანიჭებს უპირატესობას.
ვინ ვაჭრობს ონლაინ სივრცეში საქართველოში ბოლო 6 თვის გათვალისწინებით?
ACTR-ს კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია ონლაინ ვაჭრობაში (54%). შესყიდვებისთვის მომხმარებლები მიმართავენ როგორც ქართულ, ისე უცხოურ პლატფორმებს.
საინტერესოა ონლაინ მოვაჭრეთა დახასიათება დემოგრაფიულ ჭრილში:
- მონაცემები ცხადყოფს, რომ ონლაინ ვაჭრობას უფრო მეტად ქალები მიმართავენ (60%), ვიდრე მამაკაცები (41%);
- აღნიშნულ სეგმენტში ჭარბობენ 18-54 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები – ჯამურად 79%;
- განსაკუთრებით საინტერესოა გეოგრაფიული ნიშნით ონლაინ მოვაჭრეთა დახასიათება. მათ შორის მაღალია რეგიონის წარმომადგენელთა წილი (65%). რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა პროდუქტისა და სავაჭრო ობიექტების ნაკლები მრავალფეროვნებით.
ონლაინ ვაჭრობის სიხშირე:
ACTR-ს კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ ონლაინ მოვაჭრეთა ნახევარი (50%) აქტიურად (მინიმუმ თვეში ერთხელ) ყიდულობს ონლაინ, ხოლო მეორე ნახევარი – შედარებით იშვიათად (2-3 თვეში ერთხელ ან კიდევ უფრო იშვიათად).
საინტერესოა ადგილობრივი და საერთაშორისო პლატფორმების მოხმარების სიხშირის შედარებითი ანალიზიც:
- ACTR-ს კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართველი მომხმარებლები უფრო აქტიურად იყენებენ უცხოურ ონლაინ პლატფორმებს რეგულარული შესყიდვებისთვის (თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად – 51%), ვიდრე ქართულს (თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად – 41%).
რას ყიდულობენ ქართველები ონლაინ?
ონლაინ ვაჭრობისას, ყველაზე გავრცელებული ქცევაა ტანსაცმლისა და აქსესუარების (47%) შეძენა. ამასთან, საყოფაცხოვრებო ნივთები (29%) და საბავშვო პროდუქტებიც (20%) პოპულარულია სხვა კატეგორიებთან შედარებით.
ონლაინ ვაჭრობისთვის პოპულარული უცხოური ვებგვერდები და პლატფორმები
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ უცხოური პლატფორმებიდან ცალსახა პოპულარობით სარგებლობს Temu (75%), საყურადღებოა, რომ მსოფლიოს გიგანტი ონლაინ სავაჭრო ორგანიზაცია Amazon-იც (16%) კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Temu-ს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი წილი რეგიონებზე მოდის.
რატომ არ ვაჭრობს ონლაინ ფორმით ქართველი მომხმარებელი, ბოლო 6 თვის გათვალისწინებით?
ქართველი მომხმარებლების მიერ ონლაინ ვაჭრობისგან თავის შეკავების მიზეზები მრავალფეროვანია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერად პროდუქტის ნახვის გარეშე ყიდვა და ხარისხთან დაკავშირებული რისკები სახელდება. ეს მიუთითებს, რომ მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის უშუალოდ ნახვა შესყიდვამდე.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 804 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 22-26 აპრილს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.