თბილისი (GBC) - 2025 წლის 18 ივნისს, ლონდონში, ბრიტანული იურიდიული საზოგადოების (The Law Society) ისტორიულ შენობაში, EMEA Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ჯილდოები გადაეცა რეგიონში წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს, იურიდიულ ფირმებს, კომპანიებს და პროექტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რეგიონში ინფრასტრუქტურისა და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში.
თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (gwp) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ Georgian Global Utilities (GGU) EMEA Finance-ის 2024 წლის მიღწევებისა და პროექტების დაფინანსების საერთაშორისო დაჯილდოვებებზე ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა:
- საუკეთესო მწვანე ობლიგაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- საუკეთესო გარიგება წყლის სექტორში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
,,Aqualia-სთვის ეს ორი ჯილდო მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ კომპანია როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე საქართველოში განაგრძობს განვითარებას და ზრდის საინვესტიციო შესაძლებლობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მწვანე ობლიგაციების გამოშვება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ მდგრადობისკენ მიმართულ პროექტებზე მუშაობა და უზრუნველვყოთ მათი გრძელვადიანი გაგრძელება. ჩვენი პროექტი საქართველოში გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე და მისი წარმატებისთვის აუცილებელია საკმარისი ფინანსური რესურსებისა და ინვესტირების შესაძლებლობების არსებობა. საქართველოს წყალმომარაგების განვითარების გენერალური გეგმა ძალიან მასშტაბურია, და სწორედ ამ სახის დაფინანსება გვიქმნის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ძირითადი ინდიკატორების კიდევ უფრო გაუმჯობესება შევძლოთ", - სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასი, FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი.
,ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის დიდი აღიარება — როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ დიდი ძალისხმევას ვწევთ, რათა საქართველოს წყალმომარაგების პროექტი წარმატებით განვახორციელოთ და დაგეგმილ მიზნებს მივაღწიოთ. Aqualia-სთვის საქართველოს წყლის სექტორის განვითარება სტრატეგიული მიმართულებაა და ეს ჯილდოც ნათლად ასახავს ჩვენს ძალისხმევას. რაც შეეხება დაფინანსებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენი საინვესტიციო პროგრამების განსახორციელებლად. მსგავს პროექტებს სოლიდური ფინანსური რესურსები სჭირდება, ხოლო ის ფაქტი, რომ მოვახერხეთ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის მოზიდვა, ჩვენი მადრიდის და თბილისის გუნდების მჭიდრო თანამშრომლობის დამსახურებაა", - ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, FCC Aqualia -ს რეგიონული დირექტორი.
GGU ჯგუფმა EMEA Finance-ის პრესტიჟული ჯილდოები 2024 წლის ივლისში 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების წარმატებული გამოშვებასა და განთავსებას უკავშირდება - გარიგებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ქვეყნის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ისე წყალმომარაგების სექტორის მდგრად გაუმჯობესებაში.
,,მწვანე ობლიგაციებით მოზიდული რესურსები არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მყარი საფუძველი მომდევნო წლების გეგმებისათვის. ეს დაფინანსება GGU-ს მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით — მათ შორის ქსელის ეფექტიანობის ზრდის, სათავე ნაგებობების მოდერნიზებისა და მომსახურების ისეთი ტექნიკური გადაწყვეტების დანერგვაში, რომლებიც ენერგომოხმარების კუთხით უფრო ეფექტიანია. გასაკეთებელი ბევრია — ინვესტიციებიც სოლიდურია — მაგრამ ჩვენი მიზანია GGU ჯგუფის ამჟამინდელი მდგომარეობა დავაახლოოთ იმ სტანდარტებთან, რაც უკვე წარმატებით გვაქვს დანერგილი სხვა ქვეყნებში", - ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი, FCC Aqualia-ს ფინანსური დირექტორი.
,,ეს აღიარება ჩვენთვის, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენი ობლიგაციების მფლობელების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორების მხარდაჭერასა და ნდობას. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები — EBRD, IFC, ADB, DEG და სხვა ინვესტორები, გვეუბნებიან, რომ ისინი ხედავენ პროექტის დიდ პოტენციალს საქართველოში, და, ასევე, აფასებენ კომპანიის ძლიერ მხარეებსა და პროფესიონალურ შესაძლებლობებს. ეს ჯილდოები ხაზს უსვამს მათ მხარდაჭერას ჩვენი ხედვის მიმართ, რაც გულისხმობს მწვანე პროექტების მეშვეობით საქართველოს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზებას და მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებას", - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, gwp-ს გენერალური დირექტორი.
დაჯილდოების ღონისძიებას ლონდონში ესწრებოდნენ FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი - სანტიაგო ლაფუენტე პერეზ ლუკას; რეგიონალური დირექტორი - ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე; ფინანსური დირექტორი - ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი; gwp-ს გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი; GGU-ს მრავალწლიანი პარტნიორი და წამყვანი ინვესტორი EBRD და სხვა მოწვეული სტუმრები.