თბილისი (GBC) – ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიდგომებზე სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, ასევე საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც სამედიცინო სექტორისთვის პრიორიტეტულია. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტის ინტერესების დაცვა, რის უზრუნველსაყოფადაც სამედიცინო სექტორისა და კლინიკების წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საკითხებზე ბიზნესის ხედვა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ  წარადგინა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.