თბილისი (GBC) - ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) UN Comtrade-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით 2000 – 2023 წლებში ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასებს და ექსპორტის მოცულობებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ქართული ღვინის ყველაზე დაბალი საშუალო საექსპორტო ფასი არის პოლონეთში, იგი შეადგენს 6.78 ლარს, აქ ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 6,7% გადის. შემდეგი ქვეყანაა რუსეთი, სადაც მოცულობით გადის ყველზე ბევრი ღვინო – მთლიანი ექსპორტის 69.6%. ამ ქვეყანაში გასული 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი საკმაოდ დაბალია და 7.26 ლარს შეადგენს.

ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალია აშშ-ის ბაზარზე, სადაც საქართველოდან ექსპორტირებული 1 ლიტრი ქართული ღვინის ფასია 16.65 ლარი. თუმცა, მოცულობით აქ ქართული ღვინის მხოლოდ 1%-ია ექსპორტირებული. 

საქართველოს ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრებზე ფასები და მოცულობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აშშ: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი - 16.65 ლარი, მოცულობა - 1%.
  • გერმანია: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი - 12.54 ლარი, მოცულობა - 1.1%;
  • ჩინეთი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი - 9.92 ლარი, მოცულობა - 3,5%;
  • ყაზახეთი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი - 8.31 ლარი, მოცულობა - 3.3%;
  • ბელარუსი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი - 7.69 ლარი, მოცულობა - 3.1%;
  • უკრაინა: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი - 7.50 ლარი, მოცულობა - 5.8%;
  • რუსეთი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი - 7.26 ლარი, მოცულობა 69.6%;
  • პოლონეთი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი - 6.78 ლარი, მოცულობა - 6.7%;
  • ყველა: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი - 7.77 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში ჯამში გავიდა $6.37 მლნ-ის ღვინო. მთლიანად 2023 წელს კი, $5.48 მლნ-ის ღვინო გაიყიდა ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება რუსეთს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე დაყრდნობით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში გავიდა $167.58 მლნ-ის ღვინო. მთლიანად 2023 წელს კი რუსეთში $173.88 მლნ-ის ღვინო გაიყიდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს რუსეთში ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინო შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს (კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული):

  • სს ბადაგონი;
  • შპს "წინანდლის ძველი მარანი";
  • შპს GVMT Group;
  • შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი;
  • შპს ასკანელი ძმები;
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
  • შპს კახური ღვინის მარანი;
  • შპს კომპანია ბესინი;
  • შპს შალვინო.

2024 წელს, რთველის ფარგლებში გადამუშავდა უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2024 წლის ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამში, ჩართული იყო 600 ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანია, საშუალო და მცირე მარანი. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძირითადი ინდუსტრიული ჯიშებიდან, გადამუშავებულია:

  • რქაწითელი - 136 ათასი ტონა; 
  • საფერავი - 130 ათასი ტონა;
  • კახური მწვანე - 5,9 ათასი ტონა;
  • ალექსადრეულ/მუჯურეთული, რაჭა - 1618 ტონა; 
  • ცოლიკაური, ცაგერი - 753 ტონა.

ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების 1 კგ ყურძნის ფასები:

  • რქაწითელი - 1.00-დან 1.20 ლარის ფარგლებში;
  • საფერავი - 1.50-1.60 ლარის ფარგლებში;
  • ალექსანდრეულ/მუჯურეთული -  8 ლარი;
  • ცოლიკაური (ტვიშის) – 8 ლარი;
  • ცაგერის ცოლიკაური - 5 ლარი.