თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) $65 მლნ-ის სესხი გამოუყო სასუქების მწარმოებელ კომპანია რუსთავის აზოტს. თანხები თანამედროვე საწარმოს მშენებლობას და არსებული ობიექტის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ინვესტიცია დააფინანსებს თანამედროვე, ამონიუმის ფოროვანი გვარჯილის საწარმოს მშენებლობას, ასევე, კომპანიის არსებულ ქარხანაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით.

რუსთავის აზოტი სასუქების წარმოების გლობალური ლიდერის, კორპორაცია ინდორამას ნაწილია 2023 წლიდან. მისი წლიური წარმოების სიმძლავრე 550 000 ტონა ამონიუმის გვარჯილაა და ის ემსახურება რეგიონალური მასშტაბის კლიენტებს. რუსთავის აზოტის ქარხანა კორპორაცია ინდორამასთვის ევროპული წარმოების პირველი ობიექტია.

ქართული კომპანია რეგიონული ზრდისათვის სტრატეგიულ პლატფორმას წარმოადგენს. EBRD-ის ინვესტიცია ხორციელდება იმ დროს, როდესაც რეგიონული სასურსათო სისტემების მდგრადობა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია.

საფინანსო ინსტიტუტის განცხადებით, საქართველოში სასუქების წარმოების მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო რესურსების უფრო სტაბილურ, ადგილობრივად ხელმისაწვდომ მიწოდების პროცესს. დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი სტრუქტურირებულია როგორც მწვანე სესხი, რომელიც შეესაბამება „სესხების ბაზრის ასოციაციის“ (Loan Market Association ) მიერ გაცემული მწვანე სესხის პრინციპებს; ფინანსური რესურსი კი მოხმარდება შესაბამის მწვანე პროექტებს.

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სარგებლის გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია ინკლუზიური განვითარების თვალსაზრისითაც. კომპანია შექმნის შიდა აკადემიას ტრენინგების ჩასატარებლად ბაზრისთვის რელევანტური ტექნიკური უნარების განვითარების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმობა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვან როლებს.

„რუსთავის აზოტის მოდერნიზაცია შეესაბამება ჩვენს მისიას ხელი შევუწყოთ სამრეწველო დეკარბონიზაციას ჩვენს რეგიონებში, გამონაბოლქვის რთულად შესამცირებელ სექტორებში, როგორიცაა სასუქების წარმოება. ჩვენ სიამოვნებით ვუჭერთ მხარს დიდი ხნის კლიენტის ინდორამას სტრატეგიულ ინვესტიციას საქართველოში“, - აცხადებს ფრედერიკ ლუსენეტი, EBRD-ის წარმოებისა და მომსახურების სექტორის გლობალური ხელმძღვანელი. 

„პროექტი დაეხმარება რუსთავის აზოტს ოპერაციების მოდერნიზებაში, დეკარბონიზაციის დაჩქარებასა და პროდუქციის დივერსიფიკაციის გაზრდაში. ჩვენ მოუთმენლად ველით რუსთავის აზოტის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ამგვარი მიმდინარე საინვესტიციო პროგრამებით“, - აღნიშნა კორპორაცია ინდორამას ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარემ ამიტ ლოჰიამ.

ცნობისთვის, დღეისათვის EBRD-მ საქართველოში განახორციელა თითქმის 5,52 მილიარდი ევროს ინვესტიცია 313 პროექტში, რითაც ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას.