თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, ბათუმში 2025 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 26.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი, გასული თვეებში არსებული კლების ტრენდისგან განსხვავებით, 11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით.

2025 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 25.1%-ით გაიზარდა და 1,357 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 41.5%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

recov.ge წერს, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 19%-ით იყო შემცირებული.

ამასთან, ბათუმში 2025 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,185 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (9.4%), ასევე მეორეულ ბაზარზე (10.3%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

ბათუმში 2025 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,184 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 20%-ით, 1,169 აშშ დოლარამდე, გაიზარდა.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 4.8%-ით, 7,129 ერთეულამდე, გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 16.1%-ით გაიზარდა და 397 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.