თბილისი (GBC) - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ერთობლივ სტატიაში საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ "ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად დონალდ ტრამპმა ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს".

გავრცელებულ მასალაში საუბარია, რომ საქართველოში მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკულია, თუმცა მისი მთავრობა "აშკარად მოსკოვისკენ იხრება".

დიპლომატების აზრით, აშშ-მა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ, პროდასავლურ გზაზე დაბრუნებისკენ ძალისხმევები, რადგან "არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა, ვინაიდან, რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს".

“რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვების ფონზე, შეერთებულ შტატებს მალე საქართველოში ელჩი არ ეყოლება, იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში საქართველო ამერიკის საკვანძო პარტნიორი იყო რთულ რეგიონში და მისი მოსახლეობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული იყო. მოსახლეობას ახლაც იგივე ხედვები აქვს, მაგრამ მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ უფრო მეტად იქცევა, როგორც რუსული რეჟიმი.

მსგავსი დინამიკა უმნიშვნელოვანესს ხდის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ მალე დანიშნოს დანიგანის ჩამნაცვლებელი - ისეთი, რომელიც მტკიცედ ილაპარაკებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრორუსული საქციელის წინააღმდეგ. აშშ-ის სენატმა, თავის მხრივ, კვალიფიცირებული კანდიდატი უნდა დაამტკიცოს, რომელიც მოთხოვნებს შეესაბამება. მან ასევე უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის მიერ 5 მაისს უკვე დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც პასუხს აგებინებს ქართველ ოფიციალურ პირებს თავისი ანტიამერიკული ქმედებებისთვის და აშშ-ის წუხილს აჩვენებს ქვეყნის ავტორიტარული მმართველობისადმი გადახრის თაობაზე.

აშშ-მა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ, პროდასავლურ გზაზე დაბრუნების ძალისხმევები. შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, ვინაიდან რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს. როგორც სომხეთმა, ისევე აზერბაიჯანმა შეამცირეს თავიანთი კავშირები მოსკოვთან და უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთის სასტიკ შეჭრას ებრძვის…

ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს. ორივე ნაბიჯი სასწრაფოდ არის საჭირო, სანამ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უფრო მეტად არ დააზიანებენ თავის ხალხს და სანამ შეერთებული შტატები სამუდამოდ არ დაკარგავს მნიშვნელოვან რეგიონალურ პარტნიორს”, - ნათქვამია განცხადებაში.