თბილისი (GBC) - სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით გახანგრძლივდა. შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ დღეს, 18 ივლისს კანონის მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო.

ცვლილების თანახმად, კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები).

ამ დრომდე საშუალო სავალდებულო განათლება 9 კლასით განისაზღვრებოდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას.

"კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები“ , - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.