თბილისი (GBC) - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და რუმინულმა Transelectrica-მ ბუქარესტში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს. მემორანდუმი ითვალისწინებს კოორდინირებულ მუშაობას ფსკერის გეოტექნიკურ კვლევებზე, ფინანსურ და სამართლებრივ ანალიზზე, რამაც საბოლოოდ საქართველოსა და ევროპის ენერგოსისტემების დაკავშირება და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება უნდა უზრუნველყოს.

სახელმწიფო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება მხარეების კოორდინირებულ მუშაობაზე პროექტის მომზადებისა და განვითარების მიმართულებით.

"მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ პროექტისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის კვლევების, მათ შორის შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური, ფინანსური, სამართლებრივი/მარეგულირებელი, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების კვლევების ჩატარების კუთხით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინსტიტუციური წარმომადგენლობის კოორდინირებულ უზრუნველყოფას", - აცხადებენ სახელმწიფო სისტემაში.

მათივე ცნობით, წელს იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ განხორციელებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. პროექტი შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2022 და 2024 წლების ათწლიანი ქსელის განვითარების გეგმაში (TYNDP) და წარდგენილია ENTSO-E TYNDP 2026 გეგმაში შეტანის მიზნით. 2025 წლის ევროკომისიამ პროექტი ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსის მისაღებ სიაში შეიტანა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი საქართველოდან შავი ზღვის გავლით რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი.