თბილისი (GBC) - „მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მანანა ანჯაფარიძე სექტორში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე BPN-თან საუბრობს და დარგის რეგრესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ და ბანკებმა აგროკრედიტების სახით ₾8 მლრდ გასცეს, შედეგი ნულია. ქართული მარწყვი თურქულ იმპორტს სეზონზეც კი ვერ უწევს კონკურენციას, ფერმერები კი დახმარების ნაცვლად ქონებას კარგავენ". ანჯაფარიძე გამოსავალს მთავრობის ეფექტიანობის სამსახურის შექმნასა და პროექტების მკაცრ მონიტორინგში ხედავს.

მანანა ანჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას დიდი კლიმატური პოტენციალი აქვს, ადგილობრივი მოსავალი მხოლოდ წლის მცირე მონაკვეთშია ხელმისაწვდომი, დანარჩენ დროს კი მოთხოვნა მთლიანად იმპორტით კმაყოფილდება.

„წლიდან წლამდე ადგილობრივი წარმოება უკუსვლას განიცდის, რაზეც მეტყველებს ადგილობრივად მოწეული მარწყვის რაოდენობის შეფარდება იმპორტირებულ მარწყვთან. იმპორტი ხდება ძირითადად თურქეთიდან, რამდენჯერმე იყო ეგვიპტიდან, მაგრამ თურქეთი სრულად ფარავს ქართულ ბაზარს, არასეზონზეც და სეზონზეც კონკურენციაში შემოდის. არასეზონი იწყება გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე. ადრე გაზაფხულზე ძალიან მცირე რაოდენობით იწყება მოსავლის აღება და შემდეგ ზაფხულის პირველ ნახევარში და შემოდგომის პირველ პერიოდში, დანარჩენი სრულად მარწყვის მოთხოვნა იფარება თურქული მარწყვით. ადგილობრივი წარმოება არასეზონზე არ გვაქვს, თუმცა შესაძლებლობა გვაქვს ძალიან დიდი, რეგიონების მიხედვით, კლიმატური ზონების მიხედვით და ა.შ.“, - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, რატომ ვერ უწევს ქართული მარწყვი კონკურენციას თურქულ მარწყვს სეზონზე მაინც, მანანა ანჯაფარიძე პასუხობს, რომ ქართველი ფერმერი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც ბაზარს გააჩნია.

„ქართველი ფერმერი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც ბაზარს გააჩნია, ვერც რაოდენობრივად, ვერც ხარისხობრივად. არ აქვს ცოდნა, გამოცდილება, ინფრასტრუქტურა. არ გვყავს კვალიფიცირებული კადრები, აგრონომები. ძალიან ბევრი ფაქტორისგან შედგება მარწყვის წარმატებული მეურნეობა. აქ შემოდის ნერგის კვალიფიკაცია, სახეობა, წამლობა და უამრავი საკითხი, რომელიც ცოდნას მოითხოვს და ორიენტირებული რომ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.

წლების განმავლობაში ყველა ინსტანციაში სხვადასხვა მინისტრის, მოადგილის დონეზე ვაჟღერებდი ასოციაციის სახელით ინიციატივას, რომ ყველა პროექტი უნდა დაიხუროს და დადგეს კადრების მომზადების და კვალიფიკაციის საკითხი. თავს გვიქნევდნენ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. ერთი თვის წინ ჩაუშვეს ისევ ახალი პროექტი, რომელიც არ არის გამართული, არასრულია - უცხოელი კონსულტანტის დაფინანსება ხდება სააგენტოს მიერ. სავარაუდოდ, ეს სადემონსტრაციო პროექტია, ვნახოთ, რა შედეგს დადებს, მაგრამ ეს დღეს არ უნდა დაწყებულიყო.

ამდენი ხნის განმავლობაში სრულად რომ მოეხდინათ პროექტების მონიტორინგი, ერთხელ მაინც რომ მოესმინათ ჩემთვის ან მსგავსი პრობლემით დაინტერესებული ფერმერისთვის, არ გვექნებოდა ეს შედეგი, მილიარდობით ლარია არამიზნობრივად დახარჯული და შედეგია ნული. სეზონზეც კი ვერ ვუწევთ კონკურენციას თურქულ მარწყვს. არასეზონზე არ ვსაუბრობ, რადგან ერთი მარცვალიც კი არ მოდის, ამ დროს ყველა მარწყვი არის თურქული, მაგრამ აწერია „ქართული“. ეს კიდევ ცალკე თემაა და დასჯადი უნდა იყოს. კანონი არსებობს მაგრამ აღსრულება - არა.

ერთი წლის წინ ასოციაციამ მივაღებინეთ ჩასწორება მოქმედ კანონში, რომ მარკეტები და საცალო ქსელები ვალდებულები იყვნენ დაეწერათ პროდუქტზე წარმომავლობის ქვეყანა, მაგრამ აქაც აწერენ „უცხოური“ ან „ქართული“ და კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს, არადა კანონი გვაქვს. საკმაოდ ბევრი ფერმერის ხელმოწერით მოვითხოვეთ სამინისტროს დონეზე, პრემიერის სახელზეც შევიტანეთ განაცხადი... საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვიცით, რას ვჭამთ. მარტო მარწყვს არა, ნებისმიერ პროდუქციაზე ვამბობ“, - განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბანკებზე ორიენტირებული პროექტები აქვს, რის გამოც ფერმერი ზარალდება და დახმარების მაგივრად კარგავს ქონებას.

„პირდაპირ ვაცხადებ, რომ ამ ყველაფერში დამნაშავეა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. არასწორი კადრები, არასწორი პროექტები, არანაირი მონიტორინგი არ არსებობს პროექტების ჩაშვების შემდეგ, სრულად ბანკებზეა ორიენტირებული პროექტი - მარტო გასულ წელს, მილიარდობით აგროკრედიტი გაიცა ბანკების მიერ, სადაც მარტო 2025 წელს 200 მლნ სახელმწიფო თანადაფინანსება იყო, დანარჩენი „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და ეს ნიშნავს, რომ ბანკებმა უფრო იხეირეს, ვიდრე სოფლის მეურნეობამ.

2013 წლიდან 2025 წლის ჩათვლით 8 მლრდ ლარი გასცა ბანკებმა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახით, საიდანაც 1.3 მლრდ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით არის გაცემული და ამ 8 მლრდ-დან ძირითადად შედეგი არ დაიდო.. სავალალო სიტუაცია გვაქვს იმ მიმართულებით, რომ ამ ბენეფიციარების უძრავი ქონების დიდი ნაწილი გადავიდა ბანკის საკუთრებაში, რომელიც მათ გარანტად ჰქონდათ ჩადებული სესხის აღების დროს. იმის მაგივრად, რომ ფერმერს მიეღო სარგებელი, ისინი ზარალდებიან. ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ - შეღავათიანი აგროკრედიტი უნდა მიეცეს მხოლოდ წარმატებულ ფერმერს, რომ მოხდეს ხელშეწყობა და არა სხვა მიზნების რეალიზაცია. ძალიან საინტერესოა, თუ მოგვცემენ ბანკები მონაცემებს, რა რაოდენობის მიწის ფართები მოექცა ვალაუვალობის გამო მათ საკუთრებაში მას შემდეგ, რაც ეს პროექტი ჩაეშვა,“ - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, რა პოტენციალი აქვს ქართულ მარწყვს, მანანა ანჯაფარიძე პასუხობს, რომ თუ ამჟამად ფერმერს ჰექტარზე 5-6 ტონა მარწყვი მოჰყავს, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს რიცხვი 40-50 ტონამდე გაიზარდოს.

„მარწყვის მოყვანა ძვირი ჯდება იქ, სადაც არ ვიცით მისი მოყვანა. ჩვენ რომ ვიცოდეთ მისი მოყვანა და საჰექტრო მაჩვენებელი როდესაც ფერმერს აქვს 5-6 ტონა, ევროპელი ფერმერისთვის ეს მაჩვენებელი მინიმუმ 45-50 ტონამდეა, მაგრამ იქ, სადაც ჩვენ ვართ, აბსოლუტურად შესაძლებელია ჰექტარზე მივიღოთ 40-50 ტონა მარწყვი, მაშინ, როდესაც ქართველი ფერმერი 5 ტონა მოსავალზეც ძალიან ბედნიერია, რომ რაღაც ხარჯი დაფარა.

პროდუქტების მართვის სააგენტოს შევეხები ისევ, ახლა რომ სოფლის განვითარების სააგენტო დაარქვეს, არანაირი სოფლის განვითარება ეს არ არის. მთლიანად ამ სააგენტოს ფუნქცია უნდა გადაიხედოს, რადგან მონიტორინგი პროექტებზე და მიზანშედეგობრიობაზე უნდა იყოს მათ მოვალეობაში, მაგრამ ისინი აბსოლუტურად მიმართულნი არიან იმ პროექტებზე, რომლებიც სამინისტრომ მოიტანა, რომელიც კაცმა არ იცის რაზე დაყრდნობით აკეთებს ამას. ვიღაცამ უთხრა, რომ ტრაქტორები უნდა გავყიდოთო და გაყიდეს. არანაირი ინფორმაცია რეგიონალურ საჭიროებებზე არ არის, ყველა მუნიციპალურ ორგანოში უნდა შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც მოახდენენ მუნიციპალიტეტების დონეზე მონიტორინგს, რომელ რეგიონს რა საჭიროება აქვს. ეს ჯაჭვი უნდა იყოს. სხვანაირად იქიდან წამოსული საჭიროებები არ არის მართებული და სწორი.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში, სოფლის მეურნეობის დარგში ახალ-ახალ ცოდნას იძენენ და საოცარი ტემპით ვითარდება ეს სფერო, საქართველოში ისევ საუკუნოვანი, თაობიდან თაობაზე გადაცემული ინფორმაციის პრინციპით ვრცელდება და დღემდე გვარწმუნებენ, რომ ფერმერი არის გლეხი და სექტორი გლეხის დონეზე დაჰყავთ“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, გამოსავალი მთავრობის ეფექტიანობის სამსახურის შექმნაშია, რომელიც აღნიშნულ პროექტებს მონიტორინგს გაუწევს.

„აუცილებლად უნდა შეიქმნას მთავრობის ეფექტიანობის სამსახური, რაზე დაყრდნობით დგინდება ეს პროექტები და რა შედეგი დადო. არანაირი მონიტორინგი არ არსებობს. ზედაპირულად რაღაცას ქმნიან, მაგრამ საბოლოოდ არ მუშაობს და ეს გრძელდება წლები. ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, მსგავსი რამ აუცილებელია. სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ მილიარდებია გახარჯული და ერთი რიგითი თანამშრომელია პასუხისგებაში მიცემული, როდესაც კაცმა არ მოიკითხა, სად წავიდა ამდენი თანხა და რატომ არ გვაქვს დღეს სოფლის მეურნეობა.

მინდა მივმართო პრემიერს, ფასებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ფასების დაწევის პრობლემას არასწორ ადგილას ვეძებთ, უნდა ვეძებოთ ადგილობრივ წარმოებაში, რადგან მთელი რიგი საკითხებია, რომელიც შეგვიძლია სწორედ დავალაგოთ, კონკურენცია გავზარდოთ და შესაბამისად ფასები დარეგულირდება“, - განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.

წყარო: BPN