თბილისი (GBC) – უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ პირველად უკრაინული პორტიდან „ჩერნომორსკი“ ბათუმის მიმართულებით ორი საბორნე რეისი შესრულდა.

ამის შესახებ „უკრზალიზნიცის“ კომერციული საქმიანობისა და ლოგისტიკის საკითხებში დირექტორმა ტიმოფეი მურახოვსკიმ განაცხადა, წერს „ინტერფაქს–უკრაინა“.

„18 და 26 მარტს ორი რეისი შესრულდა ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით. შემდეგ კვირაში კიდევ ერთი რეისი იგეგმება“, – თქვა მან.

დირექტორის თქმით, მარტში პირველი რეისები ინფორმაციული სიჩუმის რეჟიმში შესრულდა. მან ბიზნესს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულებაში.

გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ პროექტი კომპანია „უკრფერის“ (ოდესა) ჩართულობით ხორციელდება.