თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასულ წელს დაფიქსირებული ₾7 მლნ-ის ზარალის შემდეგ, „საქართველოს ფოსტა“ პირველად გავა მოგებაზე და მომგებიან სახელმწიფო კომპანიად იქცევა. აღნიშნულ პოზიტიურ ტენდენციას მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაუსვა ხაზი.

კობახიძის თქმით, ცვლილებები გასული წლის სექტემბერში, კომპანიის მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ დაიწყო.

განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში ₾3,5 მლნ-ზე მეტი დაიზოგება, ხოლო შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესების უკან დაბრუნება კომპანიის შემოსავალს ყოველწლიურად ₾14,2 მლნ-ით გაზრდის.

ამასთანავე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია და მიმდინარეობს ახალ ავიაკომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი. არსებულ პარტნიორებთან პირობების განახლებამ დაზოგა სატერმინალო მომსახურების ხარჯი და შეამცირა სატრანზიტო ვადები, რის შედეგადაც „საქართველოს ფოსტა“ ყოველწლიურად დამატებით ₾5 მლნ-ზე მეტ შემოსავალს მიიღებს.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ამ ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა პირველად გავა მოგებაზე. ხედავთ, რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.