თბილისი (GBC) – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა ამოქმედდა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ახალი მექანიზმით ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს მატერიალური (ქაღალდის) დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს ნებართვების გაცემისა და კონტროლის პროცესს და გაზრდის სექტორის ეფექტიანობას, მიაჩნიათ სააგენტოში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ბაკურ მიქაძის განმარტებით, ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ერთიან ელექტრონულ პლატფორმას იყენებს. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას, ამცირებს ტექნიკურ-ადმინისტრაციულ შეფერხებებს და ქმნის უფრო გამჭვირვალე მექანიზმს გადაზიდვების ადმინისტრირებისთვის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და სააგენტო გეგმავს, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მოქმედი სისტემებიც ეტაპობრივად გადაიყვანოს ციფრულ ფორმატზე.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ECMT-ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვა) ელექტრონული სისტემისა და თურქეთთან ციფრული სანებართვო მექანიზმის ამოქმედება სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებას, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და რეგიონულ სატრანზიტო ჰაბად საქართველოს როლის კიდევ უფრო გაძლიერებას.