თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის  (TBC PLC) ცნობით, 2026 წლის 24 ივლისს, დასრულდა უზბეკეთის წამყვანი ონლაინ განცხადებების პლატფორმის - OLX Uzbekistan-ის (OLX CLASSIFIEDS LLC / OLX UZ) საკონტროლო წილის შეძენა კომპანია OLX Group-ისგან, რომელიც გლობალური ტექნოლოგიური ინვესტორის Prosus-ის განცხადებების ბიზნესს წარმოადგენს.

გარიგება დასრულდა აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აქციების გადაცემის რეგისტრაცია უზბეკეთში, როგორც გარიგების დასრულების შემდგომი იმპლემენტაციის პროცესის ნაწილი, უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. გარიგების დასრულებას წინ უძღოდა უზბეკეთის რესპუბლიკის კონკურენციის განვითარების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ აუცილებელი ნებართვის გაცემაც.

ამ გარიგების განსახორციელებლად TBC Group-მა შექმნა ერთობლივი საწარმო (Joint Venture - JV) Titan Investments-თან, საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგთან, რომელსაც მხარს უჭერენ უმაღლესი დონის საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები, საოჯახო საინვესტიციო ოფისები და ახლო აღმოსავლეთის სუვერენული საინვესტიციო ფონდები. ერთობლივმა საწარმომ შეიძინა OLX UZ-ის 100%-იანი წილი, საიდანაც TBC Group ფლობს 50% + 1 აქციას, ხოლო Titan Investments დარჩენილ წილს.

OLX UZ უზბეკეთის 10 ყველაზე მონახულებად ვებგვერდს შორისაა. პლატფორმას ყოველთვიურად 5 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მასზე განთავსებულია 2 მილიონი აქტიური განცხადება მომსახურების, საქონლის, ავტომობილებისა და უძრავი ქონების კატეგორიებში. პლატფორმა ქვეყნის ინტერნეტის აქტიური მომხმარებლების 17%-ზე მეტს ემსახურება.

OLX UZ საქმიანობას OLX-ის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს და დამოუკიდებელი, ღია განცხადებების პლატფორმის სტატუსს შეინარჩუნებს. დროთა განმავლობაში TBC Uzbekistan გეგმავს OLX UZ-ის მეშვეობით ფინანსური და საგადახდო მომსახურებების შეთავაზებას. 

„ეს წარმოადგენს ჩვენი ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიის თანმიმდევრული განხორციელების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს. აღნიშნული გარიგება TBC-ს საშუალებას აძლევს შევიდეს სწრაფად მზარდ ახალ სექტორში, მოიზიდოს მილიონობით ახალი მომხმარებელი, გაზარდოს მომხმარებელთა ყურადღების წილი და შექმნას დამატებითი სინერგიები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს მომხმარებელთა ლოიალურობასა და ჩართულობას. ჩვენ შევინარჩუნებთ ყველაფერს, რაც OLX-ს უნიკალურსა და სანდოს ხდის - მის ღია და დამოუკიდებელ პლატფორმას და ამავდროულად შევქმნით ახალ პროდუქტებსა და მომსახურებებს მისი მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა TBC Uzbekistan-ის CEO-მ ნიკა ქურდიანმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის შეძენაზე მოლაპარაკება 1 წლის განმავლობაში მიდიოდა. უზბეკეთის მარეგულირებელმა კონკურენციის დაცვის მიზნით რამდენიმე სავალდებულო პირობა დააწესა. კერძოდ, ახალ მფლობელებს ეკრძალებათ ჯგუფის სხვა პროდუქტების მეშვეობით OLX-ის გამოყენების პირობებზე დაუსაბუთებელი გავლენის მოხდენა, ასევე კონკურენტების კომერციული მონაცემების გამოყენება მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით.

გარდა ამისა, კომპანიას არ ექნება უფლება, OLX-ის მომხმარებლებს გადახდისთვის მხოლოდ Payme-ის ან TBC Bank-ის სერვისების გამოყენება აიძულოს. ის ვალდებული იქნება უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა კონკურენტი საგადახდო სისტემისთვის.

მარეგულირებელმა დაადგინა, რომ აღნიშნული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში გარიგება მონოპოლიურ რისკებს არ შექმნის, რადგან მყიდველი მანამდე ქვეყნის ონლაინ-რეკლამის ბაზარზე წარმოდგენილი არ იყო.