თბილისი (GBC) - ყირგიზეთი და საქართველო ვეტერინარიის სფეროში თანამშრომლობას განამტკიცებენ და მეცხოველეობის პროდუქტებით ორმხრივ ვაჭრობას გააადვილებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის წყლის რესურსების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამის ორმხრივ მემორანდუმს ხელი ყირგიზეთის ვეტერინარული სამსახურის დირექტორმა, ადილეტ სოტოვალდიევმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა მოაწერეს.

გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს ვეტერინარულ-სანიტარული მოთხოვნების გამარტივებას ორ ქვეყანას შორის ცოცხალი ცხოველების, ხორცისა და მეცხოველეობის სხვა პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის პროცედურებში.

გარდა სავაჭრო პროცედურების გამარტივებისა, დოკუმენტი ითვალისწინებს ცხოველთა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას და ვეტერინარული უსაფრთხოების სისტემების განმტკიცებას. ასევე, დაგეგმილია ორი ქვეყნის პროფილური სპეციალისტების მიერ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება და კვალიფიკაციის ამაღლება.

ყირგიზული მხარის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი არა მხოლოდ უზრუნველყოფს მაღალ ვეტერინარულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოებასა და მეცხოველეობის დარგის მოდერნიზაციას.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო პერიოდში საქართველოდან ყირგიზეთში ხორცისა და ხორცის კვებითი სუბპროდუქტების ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

კერძოდ, თუ 2024 წელს საქართველოდან ყირგიზეთში რეალიზებული იყო 101.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 6-ჯერ მეტად გაიზარდა და 648 ათას აშშ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება საპირისპირო ნაკადს, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024-2025 წლებში ყირგიზეთიდან საქართველოში ხორცის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა და ეს მაჩვენებელი ნულოვანია.