თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „მტკვარი ჰესის“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
„მტკვარი ჰესი“ მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მისი დადგმული სიმძლავრე 54,1 მგვტ-ს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური 3 ძირითადი აგრეგატისგან შედგება, რომელთაგან 2 აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 26,5 მგვტ, ხოლო 1 აგრეგატის – 1,1 მგვტ.
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესი“ გაყიდა. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები გასაიდუმლოებულია. ნასყიდობის შეთანხმება შპს "მტკვარი ჰოლდინგსა" და სს "ჰიდროჯენიუსს" შორის 2024 წლის 16 ივლისს დაიდო.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდი ამ ჰესით დაინტერესდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2014 წელს ფონდმა ჰესი შეისყიდა და მშენებლობა განაახლა. მასში 236 მილიონი დოლარი ჩაიდო.
ჰესის გაყიდვის ფასი, გადახდის პირობებისა და მხარეთა ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრში არ გამოჩენილიყო, მყიდველმა და შემსყიდველმა ქონების გადაფორმებამდე დადეს „ვრცელი ხელშეკრულება“.
ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე 2024 წელს ამბობდა, რომ „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო ხარჯები, თავდაპირველ გათვლებთან შედარებით, $100 მლნ-ით გაიზარდა და $235 მლნ-ს მიაღწია, რაც, „სავარაუდოდ, განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, გაფლანგვით თუ მითვისებით“.
„მტკვარი ჰესის“ მშენებლობა იყო საკითხი, რამაც ბიძინა ივანიშვილს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩინა", - თქვა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ 2023 წელს, მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
მოგვიანებით, 2025 წლის 24 თებერვალს, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ მას დაუკავშირდა მისი საქმის გამომძიებელი და უთხრა, რომ მეორე დღეს, 25 თებერვალს, აპირებდნენ მისთვის წაეყენებინათ ბრალი "მტკვარი ჰესის" საკითხზე.
"მტკვარი ჰესის" საკითხთან ერთად, გიორგი ბაჩიაშვილს, 2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“. ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.