თბილისი (GBC) - თბილისის მერიამ ორშაბათს განაცხადა, რომ მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ხვალიდან, 26 აგვისტოდან განაახლებს, თუმცა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გრაფიკი შეიცვლება.

მერია წერს, რომ სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

მერიისვე განცხადებით, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა. მერია წერს, რომ ჩატარდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.  მერიის განცხადებით, „ვარკეთილის” სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.