თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას უზრუნველყოფს, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად 2 მლრდ ლარია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, რეფორმის მიზანია სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვის, საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა.

ამასთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, შესყიდვის ახალი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგს.

„ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად შეადგენს 2 მილიარდ ლარს. უწყება დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის კადრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახული მიზნების მიღწევას. უწყება შესყიდვებს განახორციელებს როგორც კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებებით, ასევე დამხმარე საქმიანობის ფარგლებში, ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ცენტრალიზებული შესყიდვა. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებული იყო „საჯარო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონითაც, რომელიც მიღებულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში", - ნათქვამია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშში.

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წლის მეორე ნახევრიდან შეიქმნა და მისი მიზანია საჯარო შესყიდვების ეფექტიანობისა და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია. დეპარტამენტის შექმნამდე მთავრობაში შესყიდვების პროცესს აქტიურად ახორციელებდა შესყიდვების სამსახური, თუმცა მისი საქმიანობა ძირითადად ავტომობილების, კომპიუტერული ტექნიკის და ავეჯის შესყიდვებზე იყო ორიენტირებული. 2025 წელს დეპარტამენტის რეფორმირების შედეგად შესყიდვებში დაემატა ბაზრის კვლევის ელემენტი, სამშენებლო მიმართულება, სპეცტანსაცმლის შესყიდვები და სხვა მიმართულებები, რაც მნიშვნელოვნად გაზარდა მთავრობის მიერ ზედამხედველობითი საქმიანობის სპექტრს.

2025 წლის განმავლობაში მთავრობა აქტიურად ახორციელებდა რამდენიმე საკვანძო ინიციატივას: ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა, ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის (MRS) ამოქმედება, სამშენებლო ფასების რეგულირების რეფორმა და „თეთრი სიის“ კონცეფციის განახლება. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე კორუფციული რისკების შემცირებას.