თბილისი (GBC) - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა იტალიური კომპანია Italiana Petroli-ის (IP) აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი დანიშნა.

საკადრო ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც SOCAR-მა API Holding-ისგან Italiana Petroli-ის აქციების 99.82%-იანი წილის შეძენის პროცესი დაასრულა. იტალიური ნავთობკომპანიის განცხადებით, დავითაშვილი IP-ის ოპერაციებს უშუალოდ იტალიაში უხელმძღვანელებს.

მისი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტები ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, ადგილობრივ ენერგეტიკულ ბაზარზე კომპანიის პოზიციების გაძლიერება და SOCAR ჯგუფში Italiana Petroli-ის ფართომასშტაბიანი ინტეგრაციის ზედამხედველობა იქნება.

ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2022-2025 წლებში იკავებდა, ხოლო 2025 წლიდან საქმიანობა SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე განაგრძო.