თბილისი (GBC) - გალატ & თაგარტის კვლევით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რასაც მყიდველების სიფრთხილეს უკავშირებენ. მიწოდების მხარეს, 2025 წლის პირველ კვარტალში შენელდა გაცემული ნებართვების მოცულობაც. პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მზარდია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპი 2024 წელთან შედარებით შენელებულია.

მოთხოვნა

2025 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 078 შეადგინა, რაც წინა წლის მარტის გაყიდვებზე 2.9%-ით მეტია, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 2.9%-ით შემცირდა.
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.8%-ით გაიზარდა.

გალატ & თაგარტის მონაცემებით, აღნიშნული გამოწვეულია რამდენიმე პროექტში წარსულში გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით. ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად შენელებას აჩვენებს. 2025 წლის მარტში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.3%-ით შემცირდა.

2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სულ 9,286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (-1.1% წ/წ).

მიწოდება

გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის იანვარში დაფიქსირებული კლების შემდეგ აღდგა და თებერვალი-მარტში გაიზარდა. მარტში გაიცა 17 მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ პროექტებზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 160,975 მ2-ს შეადგენდა (+7.3% წ/წ). საერთო ჯამში, გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 7.4%-ით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა 2023 წლამდე დონესთან შედარებით.

ფასები

გალატ & თაგარტის მონაცემებით, 2025 წლის მარტში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა და 1,330 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში შემცირდა და 2025 წლის მარტში თვიურად 1.9%-იანი კლების შემდეგ $1,220 შეადგინა.

ქირა

2025 წლის მარტში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვეში მცირედით, 0.3%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.5 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის საშუალო წლიური ამონაგები 8.6% იყო