თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 20.4%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 7.1%-ით მოიმატა.
ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის თებერვალში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 3.9%-ით გაიზარდა.
2025 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 6.2% და 5.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2025 წლის თებერვალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 2%-იანი კლება ფიქსირდება.
recov.ge-ის ინფორმაციით, გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის თებერვალთან შედარებით მაჩვენებელი 27.2%-ით არის შემცირებული.
ამასთან, 2025 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,205 ერთეული შეადგინა და წინა წლის თებერვალთან შედარებით 8.9%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 0.6%-ით, 234 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.