თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (5.5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც 0.15 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (17.9%) და პირადი ჰიგიენა (0.8%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.3%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.2%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.7 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7%), ზეთი და ცხიმი (-0.9%), პური და პურპროდუქტები (-0.5%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (4.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.1%), თევზეული (1.9%), ხილი და ყურძენი (1.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6%).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (23.1%), პური და პურპროდუქტები (13.8%), ხილი და ყურძენი (13.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.4%), ზეთი და ცხიმი (7.1%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.3%), რძე, ყველი და კვერცხი (5.3%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.5 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.1%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (5.6%), საავადმყოფოების მომსახურება (1.7%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც 0.48 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (57.8%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.5%);
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3%-ით, რაც 0.28 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.1%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.4%).