თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, თითქმის 30%-ით შემცირდა.

ამასთან, 2024 წლის IV კვარტალში უცხოურმა ინვესტიციებმა $367.5 მლნ შეადგინა, რაც 2023 წლის IV კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 24.4%-ით აღემატება.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2022-2024 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

2024 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 222.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.6%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 67.9 მლნ. აშშ დოლარით (18.5%), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 36.3 მლნ. აშშ დოლარით (9.9%).

2024 წლის IV კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები წარმოდგენილია დიაგრამაზე:

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 314.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (85.7%). მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 65.8 მლნ. აშშ დოლარით (17.9%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 23.1 მლნ. აშშ დოლარით (6.3%).