თბილისი (GBC) – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა. შესაბამისი განცხადება ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები, აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან" დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს. „სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას - მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპა" „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ, რის გამოც მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელებულიყო.