თბილისი (GBC) - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) 7 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა: "სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებასა და ადამიანის უფლებებს".

ეუთო/ოდირის დირექტორმა მარია ტელალიანმა კი განაცხადა:

საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება, მათთვის განაჩენების გამოტანა და დაჯარიმება. მთავრობას ვალდებულება აქვს, შეასრულოს ეუთოს ფარგლებში ადამიანის უფლებების კუთხით ვალდებულები, საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის არის მშვიდობიანი შეკრების პატივისცემა.

მსურს საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები სამიზნე არ გახდნენ და მათი ხმები გაგონილ იქნას, ვინაიდან, მათი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოცხალი დემოკრატიული საზოგადოების ზრდისთვის”.

ODIHR-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდავი ბოლოდროინდელი კანონმდებლობა კვლავ ხელს უშლის მათ გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებების განხორციელებას“.

ODIHR-მა გასულ წელს გამოაქვეყნა ე.წ. “უცხოური აგენტების შესახებ” კანონმდებლობის იურიდიული მიმოხილვა, გამოხატა სერიოზული შეშფოთება და მისი უკან გაწვევა მოითხოვა.

7 ოქტომბრის განცხადებაში ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ გამოხატავს სინანულს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად დაგვიანებით მიწვევის გამო: "ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ გამოხატავს სინანულს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწვევა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად არჩევნების დღემდე თვეზე ნაკლები ხნით ადრე გაიგზავნა, როცა არასაკმარისი დრო რჩებოდა ოდირის დამკვიდრებული მეთოდოლოგიით სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის".

განცხადების დასასრულ, აღნიშნულია, რომ ოდირი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან და მხარი დაუჭიროს ეუთოს ფარგლებში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში (ზოგში 100%-ით) მოიპოვა გამარჯვება.

შაბათს გამართული არჩევნები თბილისში საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმდინარეობა.

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში, 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად.

შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

18 სამოქალაქო აქტივისტის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.