თბილისი (GBC) - ევროპარლამენტარებმა 7 ოქტომბერს, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელეს: საქართველოს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები „შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, “ქართული ოცნების” თვითდანიშნული ოფიციალური პირების მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თვეების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების კონტექსტში“.

„ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება - ეუთო/ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ „არჩევნების შემდეგ ქუჩებში ძალადობრივი შეტაკების გამო და ყველას სიმშვიდისკენ“ მოუწოდებენ.

„ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაპატიმრება და უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლოს.

ასევე ვგმობთ მზარდად აგრესიულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ შორის პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკე წევრ სახელმწიფოებზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები გმობენ, “ქართული ოცნების" გამოცხადებულ განზრახვას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რაც საქართველოს ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალი კულმინაცია იქნება”.

„ვიმეორებთ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოებისადმი ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ იმოქმედონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ “ქართული ოცნების” საკვანძო პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), მუნირ სატური (ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე), სერგეი ლაგოდინსკი (Euronest საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი).

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში (ზოგში 100%-ით) მოიპოვა გამარჯვება.

შაბათს გამართული არჩევნები თბილისში საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმდინარეობა.

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში, 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად.

შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

18 სამოქალაქო აქტივისტის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.