თბილისი (GBC) - 2Q26-ში ბაზისბანკის წმინდა მოგებამ ₾74 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით მეტია. ამ შედეგით ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ბაზარზე მომგებიანი ბანკების სამეულში შევიდა.

2Q26-ის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბანკმა ზრდა ყველა ძირითად მიმართულებაში დააფიქსირა:

  • მთლიანი აქტივები: ₾6.2 მლრდ (ზრდა 43%)
  • საკრედიტო პორტფელი: ₾3.7 მლრდ (ზრდა 22%)
  • დეპოზიტების პორტფელი: ₾4 მლრდ (ზრდა 40%)

ზრდის მთავარი დრაივერი ბიზნესის დაფინანსება აღმოჩნდა, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 28%-ით გაიზარდა და ₾2.8 მლრდ შეადგინა, ხოლო ბიზნეს დეპოზიტების მოცულობამ ₾2.3 მლრდ-ს მიაღწია. საცალო მიმართულებით, სესხების მოცულობამ ₾942 მლნ, ხოლო დეპოზიტებმა ₾1.7 მლრდ შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ბანკის აქტივებზე უკუგებამ (ROA) 2.51% შეადგინა, ხოლო საკუთარ კაპიტალზე უკუგებამ (ROE) - 14.05%.

ზრდა დაფიქსირდა ჯგუფში შემავალ შვილობილ კომპანიებშიც: „ბბ ლიზინგის“ პორტფელი 8%-ით, ₾48 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო „ბბ დაზღვევამ“ 6 თვეში ₾9.5 მლნ-ის პრემია მოიზიდა.

ბაზისბანკისა და ლიბერთის გენერალური დირექტორის, დავით ცაავას განცხადებით, I ნახევრის შედეგები სწორი სტრატეგიის შედეგია. მან ასევე ხაზი გაუსვა 2026 წლის აპრილში განხორციელებულ გარიგებას, როდესაც ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% შეიძინა, რაც წლის უმსხვილესი სტრატეგიული ტრანზაქცია გახდა.

თავად ლიბერთი ბანკმა 2Q26-ში ₾52.8 მლნ-ის წმინდა მოგება დააფიქსირა, ხოლო მისი აქტივები ₾6.3 მლრდ-ს შეადგენს.