თბილისი (GBC) – 2026 წლის ივნისში დედაქალაქის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, ხოლო მეორად ბაზარზე გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია.,ამასთან, გალტ & თაგარტის უძრავი ქონების კვლევის თანახმად, მიწოდების მხარეს, ზედიზედ 8-თვიანი შემცირების შემდეგ, გაცემული მშენებლობის ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლის შემდეგ მაქსიმალურ თვიურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა.

ფასმა პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით ზრდა განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე შემცირდა, რაც აპრილის მკვეთრი ზრდის შემდეგ სტაბილიზაციაზე მიუთითებს. მოთხოვნა 2026 წლის ივნისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,503 შეადგინა, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 2,224 შეადგინა (2026 წლის პირველ ნახევარში +16.2% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური ნიშნულია.
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 52.6%-ით გაიზარდა და 2,279 შეადგინა (2026 წლის პირველ ნახევარში +19.1% წ/წ).

გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივნისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 54.4%-ით გაიზარდა, ნაწილობრივ დაბალი ბაზის ეფექტის გამო. (2026 წლის პირველ ნახევარში +33.5% წ/წ). 2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 22,799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ $2 მლრდ შეადგინა (+26.6% წ/წ).

მიწოდება

2026 წლის ივნისში, ზედიზედ 8 თვის განმავლობაში შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად, წლიურად 225.3%-ით გაიზარდა (300,095 კვ.მ 29 საცხოვრებელ პროექტში) და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ზრდის მიუხედავად, ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 7.3%-ით არის შემცირებული.

ფასები

2026 წლის ივნისში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით, თვიურად 0.3%-ით გაიზარდა 1,417 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა  და 1,345 აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5% ზრდის შემდეგ ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

ქირა

2026 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე $10.1 შეადგინა (+1.4% თვიურად), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%.