თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC-მ (BOGG) 2024 წლის შედეგების შესაბამისად, მენეჯმენტს ნულოვანი ღირებულების ოპციონები მიანიჭა, საიდანაც 40%-ის განაღდებას მომენტალურად შეძლებენ, ხოლო დარჩენილი რაოდენობა კი გადავადებული აქციების სახით გადაეცემათ, რომელთა განაღდებას ეტაპობრივად შეძლებენ. 

2024 წლის სამუშაო წლისთვის დისკრეციული გადავადებული აქციების ფარგლებში, აღმასრულებელი კაპიტალის ანაზღაურების გეგმის შესაბამისად, აღმასრულებელი მენეჯმენტისთვის მინიჭებულია ნულოვანი ღირებულების ოპციონები ჩვეულებრივ აქციებზე.

კერძოდ, ჯგუფის CEO-ს არჩილ გაჩეჩილაძეს 2024 წლის სამუშაო წლისთვის დისკრეციული გადავადებული აქციების ფარგლებში, აღმასრულებელი კაპიტალის ანაზღაურების გეგმის შესაბამისად, 41,816 ნულოვანი ღირებულების ოპციონი მიენიჭა ჩვეულებრივ აქციებზე.

მინიჭებული აქციებიდან 40% დაუყოვნებლივ განაღდებულად ითვლება, ხოლო დარჩენილი 60% კი გადავადებული იქნება, რომლის განაღდებასაც გაჩეჩილაძე ეტაპობრივად შეძლებს. კერძოდ, 15%-15%-ს სამუშაო წლის დაწყების თარიღიდან მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე წლისთავებზე. თითოეული ეტაპით განსაზღვრული განაღდებული აქციები კი ექვემდებარება დამატებით ორწლიან სავალდებულო ფლობის პერიოდს, მიმღების მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

იგივე პრინციპით გადაეცა 18,775 აქციის ოპციონი ჯგუფი CFO-ს სულხან გვალიას, BOGG-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს კორპორატიული ბანკინგის მიმართულებით, ზურაბ ქოქოსაძეს 12,609 და კიდევ ერთ მოადგილეს, საცალო და მიკრო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელს, ნუცა გოგილაშვილს 12,665.