თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა, რომელსაც აღნიშნულ პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა ეწურება.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო თომას კაირისი, რომელიც კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის თანამდებობას 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან ოფიციალურად დაიკავებს. შეხვედრაში მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც.
მხარეებმა EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო პარტნიორობის დღის წესრიგი მიმოიხილეს. ლაშა ხუციშვილმა ბანკის წარმომადგენლებს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი ეკონომიკური პროგნოზები გააცნო.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს. საუბარი შეეხო „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო, სარკინიგზო და საპორტო ინიციატივებს. ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ როლსა და ამ მიმართულებით ინვესტირების მნიშვნელობას.
ფინანსთა მინისტრმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსს მადლობა გადაუხადა საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ სექტემბრიდან, ახალ რეგიონულ დირექტორთან, თომას კაირისთან ერთად, უწყება აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას გააგრძელებს.
