თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "ზრდის შესაძლებლობები ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით" მიიღო მონაწილეობა.

პანელის მთავარი სადისკუსიო თემა იყო თუ როგორ შეიძლება ინოვაციამ და ხელოვნურმა ინტელექტმა გაზარდოს პროდუქტიულობა და გააჩინოს ახალი შესაძლებლობები ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის.

ეკატერინე მიქაბაძემ თავის გამოსვლაში ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებში შესაძლებელია დღეს არსებული ეკონომიკის ტრანსფორმაცია, რაც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად ახალ გამოწვევებსაც ქმნის.

“ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების გამოყენებამ, რომელსაც მხარს უჭერს სტრატეგიული პოლიტიკა, შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქტიულობა და შექმნას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები. რუტინული ამოცანების ავტომატიზაციით, მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებითა და ახალი ბიზნეს მოდელების ხელშეწყობით, ხელოვნური ინტელექტი ზრდის ეფექტურობას და ინოვაციებს ინდუსტრიებში. ინკლუზიური ზრდის სტრატეგიები, ციფრული ინკლუზიურობა, სამუშაო ძალის განვითარება და ეთიკური გამოყენების პრინციპები აუცილებელია იმისათვის, რომ AI-ის გამოყენებით მიღებულმა სარგებელმა მიიღოს საყოველთაო ხასიათი. ერთობლივი ძალისხმევისა და გააზრებული პოლიტიკის რეფორმების მეშვეობით, საზოგადოებას შეუძლია ააშენოს მრავალმხრივ განვითარებული და პერსპექტიული მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

არსებობს არაერთი გამოწვევა და სწორედ ამიტომ მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ეკატერინე მიქაბაძის მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხელოვნური ინტელექტის მიერ კონფიდენციალურობის სტანდარტების მკაცრ დაცვას მოითხოვს. ასევე გასათვალისწინებელია, მოდელისა და საოპერაციო რისკების ახალი ტიპები, რომლებიც  რეგულატორისგან რისკის მართვის ახალ მკაფიო ჩარჩოებს აწესებს. მით უფრო, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან გაზრდილია ინვესტიციები ხელოვნური ინტელექტის კვლევებსა და განვითარებაზე. ისინი საკმაო დროს უთმობენ AI-ზე დაფუძნებული ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავებასა და საკუთარ ორგანიზაციებში ავტომატიზაციის ზრდას.

ვიცე-პრეზიდენტმა პანელის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინიცირებულ პროექტებზე.