თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მონიტორინგის მიზნით ახალი ანგარიშგების წესი დაამტკიცა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ახალი რეგულაციის მიზანია ვირტუალური აქტივების მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის გაზრდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და შესაძლო რისკების პრევენცია.

წესი განსაზღვრავს ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის მოთხოვნებს და დეტალურად ადგენს ინფორმაციას, რომლის მიწოდებაც სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტს ეროვნული ბანკისთვის ევალება.

რეგულარული ანგარიშგების დანერგვა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია პირველადი შეთავაზების ფარგლებში ემიტენტის მიერ გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივების, ასევე მათთან დაკავშირებული სარეზერვო აქტივების შესახებ.

კერძოდ, ანგარიშგება მოიცავს ინფორმაციას რეზერვების შემადგენლობისა და მასში შემავალი ლიკვიდური აქტივების თანაფარდობის შესახებ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი წესის შემუშავება ეფუძნება საზედამხედველო პრაქტიკას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და გლობალურ საუკეთესო გამოცდილებას.

სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტმა ანგარიშგება შესაბამისი ფორმის მიხედვით უნდა შეავსოს. ეროვნული ბანკისთვის პირველი ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 15 ოქტომბერია.