თბილისი (GBC) – საჯარო სექტორში პირველი სერტიფიცირებული შიდა აუდიტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ფინანსთა სამინისტროში. ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიული ჭკუასელმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ.

სერტიფიცირების ეროვნული პროგრამის შემუშავების მიმართულებით მუშაობა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა (ჰარმონიზაციის ცენტრი) პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2020 წელს დაიწყო.

დონორების მხარდაჭერით სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადდა 3 პილოტური ჯგუფი, რომლის წევრები იყვნენ შიდა აუდიტორები, როგორც ცენტრალური სამინისტროებიდან, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სუბიექტებიდან.

გადამზადების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა 31 შიდა აუდიტორს.

საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის მიზანია, შიდა აუდიტორის პოზიციაზე დასაქმებული ან/და დასაქმების მსურველი კანდიდატების კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს შიდა აუდიტის ფუნქციის გაძლიერებას. შედეგად, გაზრდის მისი, როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მარწმუნებლის როლს დაწესებულებაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სერტიფიცირების პროგრამა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან და ამავდროულად, პასუხობს ადგილობრივ საჭიროებას და ფარავს ყველა იმ გამოწვევას თუ გაუმჯობესების შესაძლებლობას, რაც ხარისხის გარე შეფასებების პროცესში იდენტიფიცირებულია ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ.

ღონისძიებას დაესწრნენ ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შიდა აუდიტის უფროსები, ტრენერები.