თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდის პორტფელებმა 2026 წლის თებერვალში პოზიტიური დინამიკა აჩვენეს. ზრდას ხელი შეუწყო როგორც საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა ტენდენციებმა, ისე ადგილობრივი აქტივების სტაბილურად მაღალმა შემოსავლიანობამ. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.
ფონდის თებერვლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი, 1.57%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ კი, შესაბამისად, 1.32% და 1.15% შეადგინა.
წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს 4.38%-იანი მაჩვენებლით. მას მოჰყვება დაბალანსებული პორტფელი 3.41%-ით და კონსერვატიული - 2.66%-ით. აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც პირველ ადგილზეა და მისი მომგებიანობა 15.2%-ს უტოლდება.
2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა ₾2.4 მილიარდს მიაღწია. ამ დროისთვის საპენსიო სქემაში 1,72 მილიონი ადამიანია გაწევრიანებული.
სტატისტიკური მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 28,882-მა პირმა, მათზე გაცემული თანხის ოდენობამ კი ₾137.2 მლნ შეადგინა.