თბილისის (GBC) - აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) საქართველოში შუა დერეფნის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბანკთან გამართულ შეხვედრაზე მხარეები იმ პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ, სადაც ფინანსური რესურსი მიიმართება.

მინისტრის განმარტებით, საუბარია ქვეყნის დაკავშირებადობის გაძლიერებაზე, რაც მოიცავს შუა დერეფნის საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურას. ასევე, ბანკის ინტერესის სფეროს ენერგეტიკის სექტორი წარმოადგენს.

უახლოეს პერიოდში საქართველოს AIIB-ის სპეციალური მისია ეწვევა, რომლის ფარგლებშიც მხარეები იმ კონკრეტულ პროექტებზე იმსჯელებენ, რომლებსაც ბანკი საქართველოში დააფინანსებს.