თბილისი (GBC) - სების ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ "ლარის გაუფასურების მოსალოდნელი საფრთხის პირობებში, ეს გადაწყვეტილება არასწორია". ამის შესახებ მან ეროვნული ბანკის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ დღეს, 28 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა.

"ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 20 პროცენტიდან, 25 პროცენტამდე გაუზარდა.

მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომერციული ბანკი იშოვის უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს, მას სესხად ვერ გასცემს. ამ გაყინული ფულის “შოვნაში” ბანკი პროცენტებს იხდის. ეს მისთვის ხარჯია. ამ ზიანის კომპენსირებას იგი გაუყინავი ფულის გასესხებისას პროცენტის ზრდით იკომპენსირებს, ანუ კლიენტის ხარჯზე.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ დარეზერვების ნორმის ზრდა მოახდინა დოლარებში სესხის გაცემის შესასზღუდად, ანუ მიზანი აკვიატებული ე. წ. ლარიზაციის ხვედრითი წილის გაზრდაა ანუ დოლარიზაციის შემცირება.
ლარის გაუფასურების მოსალოდნელი საფრთხის პირობებებში ეს გადაწყვეტილება არის არასწორი.

სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა იმიტომ მიიღო, რომ რეზერვების მოცულობამ ოქტომბრის თვეში მკვეთრად იკლო, ამ გზით კი შესაძლებელია მისი შევსება დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის ოდენობით.

ამ მეთოდით რეზერვების ზრდა ფიქტიურია. ამ სახით ფორმირებული რეზერვები წმინდა რეზერვები არ არის, იგი მხოლოდ ქაღალდზე ალამაზებს სურათს. ეს ფული ეროვნული ბანკის ვალია კომერციული ბანკების მიმართ.
პარადოქსი ის არის, რომ გასული წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 25 პროცენტის ნაცვლად 20 პროცენტამდე შეამცირა აღნიშნული ნორმატივი და ამით თავი მოიწონა, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს გამოვათავისუფლებთ საკრედიტო რესურსების სახით, რითაც ეკონომიკის სტიმულირებასაც მოვახდენთ და სესხზე პროცენტის დაწევასაც შევუწყობთ ხელსო. ამ გადაწყვეტილებას მყისვე გამოეხმაურა მლიქვნელობით განთქმული საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე და მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს ამ ბრძნული გადაწყვეტილების მიღების გამო. ახლა, როცა საპირისპირო რამ მოხდა, პოლიტმლიქვნელებით გატენილი ბიზნესასოციაცია დუმს.

რეზერვების კრიტიკულ ნიშნულზე დაბლა შემცირების მიზეზი კი ყველამ კარგად ვიცით. ეს “ქართული ოცნების” უპაუხისმგებლო, ანტიდასავლური და პრორუსული საარჩევნო კამპანიით იყო გამოწვეული. მისი ნაწილობრივ აღდგენის მცდელობა ბიზნესს გაძვირებულ კრედიტებად დაუჯდება, ხოლო დეპოზიტარებს შემცირებულ საპროცენტო შემოსავლად", წერს რომან გოცირიძე.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის 27 ნოემბრის სხდომაზე დაადგინეს, რომ სები აქტიურად ადევნებს თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი.

იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.