თბილისი (GBC) – საერთაშორისო საგადახდო სისტემის SWIFT არხებით მარტში განხორციელებულ ტრანზაქციებში ჩინური იუანის წილი რეკორდულად მაღალი აღმოჩნდა და მთლიანი ბრუნვის 4,69% შეადგინა. ამის შესახებ SWIFT-ის ანგარიშშია ნათქვამი. თუმცა, გლობალური საერთაშორისო ანგარიშსწორებების რეიტინგში ჩინური ვალუტა კვლავ მეოთხე ადგილზე რჩება.

SWIFT-ით ანგარიშსწორებებში ლიდერის პოზიციას მყარად ინარჩუნებს ამერიკული დოლარი – 47,37%. სავაჭრო ანგარიშსწორებებში ამერიკული ვალუტის წილმა 84,13% შეადგინა. გლობალურ ანგარიშსწორებებში ევროს მეორე ადგილი უკავია 21,93%–ით. ევროპული ვალუტა ასევე მეორე ადგილზეა სავაჭრო გარიგებებში – 5,89%–ით. იუანი საერთაშორისო ანგარიშსწორებებში მეოთხე ადგილს კი იკავებს, თუმცა სავაჭრო სეგმენტში მესამე ადგილზეა დაწინაურებული – 5,28%–ით.

ვალუტების რეიტინგი SWIFT-ზე განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით:

USD (აშშ დოლარი) — 47,37%;
EUR (ევრო) — 21,93%;
GBP (გირვანქა სტერლინგი) — 6,57%;
CNY (ჩინური იუანი) — 4,69%;
JPY (იაპონური იენა) — 4,13%.