თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, არაფორმალური განათლების ცენტრის – ოქროს კომპასის პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევის” მხარდამჭერია. ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, მიიღონ ბრიტანული განათლება.

ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციის რეალურ გამოწვევებზე და მოიფიქრეს პრობლემური ქეისის გადაწყვეტის გზები. დავალება ჩივნინგის სტიპენდიატებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს და საუკეთესო გუნდიც გამოავლინეს.

გამარჯვებულმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ლიზი თხილაიშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი და ელისაბედ სიხარულიძე – კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი, იმუშავა ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის გამოწვევაზე, რომლის მიზანი იყო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობის პერიოდში ჩართულიყვნენ ვორკშოპებში, თემებზე:

  • ლიდერობა
  • სტრატეგიული კომუნიკაციები
  • დროის მართვა და სხვა

ვორკშოპების მიზანი იყო, მონაწილე ახალგაზრდებს ჰქონოდათ სრული ინფორმაცია და უნარები, რათა უკეთ ემუშავათ ორგანიზაციების გამოწვევებზე.

ოქროს კომპასის პროექტი “დამსაქმებლის გამოწვევა” ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის ნებართვით.

ოქროს კომპასი არაფორმალური განათლების ცენტრია, რომელიც ერთი მთავარი მიზნით შეიქმნა – დაეკავშირებინა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესიონალებთან.დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ოქროს კომპასის ვებგვერდზე www.goldencompass.edu.ge

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი