თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფთან“ შეხვედრისას განაცხადა, რომ საპენსიო სესხების განულების წინააღმდეგია.

„პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არაა - ერთ თვეში შეიძლება იგივე მოცემულობის წინაშე დადგე - შემდეგში რას ვშვრებით? - იმასაც ვფარავთ?“ - თქვა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერების ვალების განულებაზე, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით, ვაუქმებთ მომავალში საპენსიო სესხს? ვთქვათ, 400 მლნ მოვაკელით სხვა რაღაცას და გადავიხადეთ საპენსიო სესხების განულებაში, შემდეგში რას ვშვრებით? ხვალ რომ 360 ათასის ნაცვლად, 800 ათასმა პენსიონერმა აიღოს სესხი, ვუკრძალავთ სესხის აღებას თუ შემდეგ იმასაც ვფარავთ? რა მიდგომა გვაქვს? თუ რაღაც პროდუქტი არსებობს და იმ პროდუქტის გამოყენება ხვალაც გრძელდება, ამ შემთხვევაში, მისი გადახდა ბიუჯეტიდან არ არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ავტომატურად ერთ თვეში შეიძლება დადგე იგივე მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ახლა 400 მლნ, რომელიც დაახლოებით 30 ლარით რომ გაზარდო პენსია ამას ჰყოფნის წლიურად, გადავიხადოთ პენსიონერების ნაწილის ვალის დაფარვაში. მომდევნო წლის ბიუჯეტში მსგავსი თანხა გათვალისწინებული არ არის, პირველად ვერსიაში. არ შეიძლება 400 მლნ გადავიხადოთ იმაში, რა მოცემულობაც ხვალაც დადგება“, - განაცხადა კაკაურიძემ.