თბილისი (GBC) – რუსული საგადასახდელო სისტემის „Мир“ ბარათები სომხეთის ბანკების უმრავლესობის ბანკომატებსა და პოსტერმინალებზე 30 მარტიდან აღარ იმუშავებს. გამონაკლისი რჩება VTB Armenia, რომელიც რუსული VTB–ს შვილობილი კომპანიაა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

დღეის მდგომარეობით აღნიშნული ბარათები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ყველა ბანკი ემსახურება ამ ანგარიშებს.

„30 მარტიდან მომხმარებლებისთვის შეუძლებელი იქნება ამ ბარათებით პოსტერმინალებზე უნაღდო ანგარიშსწორება და ბანკომატებიდან ფულის განაღდება, თუმცა ეს არ ეხება VTB Armenia–ს ბარათებს“, – თქვა VTB Armenia–ს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ბანკი სრულად აგრძელებს „Мир“–ის ბარათების მომსახურებას.

VTB Armenia სომხეთში 53 განყოფილებით არის წარმოდგენილი, რომელთაგან 22 ერევანში მდებარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ბანკს 190 ბანკომატი აქვს.

ვაშინგტონმა რუსულ საგადასახდელო ბარათების ნაციონალურ ოპერატორს სანქციები თებერვალში დაუწესა.