თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

მინისტრის განცხადებით, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი 120 მლრდ ₾306 მლნ-ს მიაღწევს. ამავე პროექტით, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 5.2%-ით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.2%-ით, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 30%-ით განისაზღვრა.

ცვლილებების პროექტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ₾810 მლნ-ით იზრდება და 27 მლრდ 850 მლნ ლარს შეადგენს. ლაშა ხუციშვილის თქმით, მატება ფიქსირდება საგადასახადო შემოსავლების ყველა ძირითად კატეგორიაში:

  • დღგ-ის პროგნოზი გაზრდილია ₾320 მლნ-ით, რის შედეგადაც მუნიციპალური ბიუჯეტები დამატებით ₾64 მლნ-ს მიიღებენ;
  • გრანტებისა და სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება ₾326 მლნ-ით და 3 მლრდ 8 მლნ ლარით განისაზღვრება;
  • პრივატიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია ₾130 მლნ-ით და ₾480 მლნ-ს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ახალი ვალების აღების შემცირების ხარჯზე, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 35 მლრდ 991 მლნ ლარს შეადგენს.